სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

 

საზღვრები

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.

მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.

მდინარე ენგურის ხეობა

 

განათლება

პირველი სასწავლებელი (სასულიერო) სამეგრელოში 1830 წელს ლევან V–ის დროს დაარსდა მარტვილში. XIX საუკუნეში ქართველ ხალხში გაძლიერდა განათლებისადმი მისწრაფება. თავდაპირველად სკოლები მონასტრებთან ერთად გაჩნდა,
მარტვილის მონასტერი
ხოლო შემდგომ, მეფის რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეხსნა დაწყებითი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში 1879 წელს დაარსებულმა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ", რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით სახალხო სკოლები იქნა გახსნილი. სამეგრელოს თითქმის ყველა სასოფლო საზოგადოებაში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რამაც მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი.

XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში იყო 179 სკოლა. მის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა ფოთი, სადაც მოქმედებდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, საქალაქო და სახელოსნო სასწალებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა ხელისუფელების დამყარების შედეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნას თან სდევდა ახალი სკოლების გახსნა და ბევრი სასკოლო შენობის აგება. მოსახლეობის მატების შესაბამისად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნება. ასე მაგალითად, 1957 სასწავლო წლის დასაწყისასთვის სამეგრელოში მოქმედებდა 379 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 63.5 ათასი მოსწავლითა და 5.8 ათასი მასწავლებლით, 1970 წელს კი 422 სკოლა, 83.8 ათასი მოსწავლითა და 8.9 ათასი მასწავლებლით. 70–80–იან წლებში საქართველოში მიმდინარე სხვადსხვა სოციალურმა პროცესებმა საგანმანათლებლო სკოლებისადა მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში უკვე 1985 წელს 401 სკოლა და 70.4 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო 1990 წ. – 383 სკოლა და 66.8 ათასი მოსწავლე.

 

ხელოვნება

მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის „უნებლიეთ ექიმი“ 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 1907–1908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.

1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.

სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.
ზუგდიდის დრამატული თეატრი
საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.

განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.

 

სპორტი

ძველი მეგრელი კაცი

სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამინებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაცურ თვისებებს.
ძველი მეგრელი კაცი
არქანჯელო ლამბერტი თავის "სამეგრელოს აღწერაში" საინტერესო ცნობებს იძლევა მხარეში გავრცელებული თამაშების შესახებ ."ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლო უდიდებულესი თავადები თამაშობენ." აღწერს აგრეთვე პოპულარულ ყაბახს და მხედრების ჩოგნით ბურთის თამაშს (ცხენბურთს), რომელიც საღამომდე ბრძლედებოდა და დიდად გასართობ და სასიამოვნო ვარჯიშობად მიაჩნია.

მეგრელების ცხენისადმი სიყვარულის ტრადიცია ამ ცხოველის მოშენების, გახედნის, მათი შეჯიბრების მოწყობის დიდ უნარსა და მხედრულ ოსტატობაშიც გამოიხატებოდა.სამეგრელოში ცხენს საგანგენო გამხედნავი (მწვრთნელი) ჰყავდა, რომელიც მას ალურში ანუ სიარულში ავარჯიშებდა. ცხენის სვლებს თავისი სახელი ჰქონდა: "ლაფშური" (ჩქარი ნაბიჯით სიარული), "ძარგვალი" (ძუნძულით სიარული), "თოხარიკი" (იორღა) – მარდად და კოხტად სიარული და ა. შ.

საქართველოში და კერძოდ სამეგრელოში ძალიან იყო გავრცელებული დოღი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა , ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20–25 კმ–იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენიმეჯერ აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ. იმართებოდა სხვა საცხენოსნო შეჯობრებებიც: "კიდირობა", "ისინდუა" (ხელშუბების სროლა), "თარჩია" (ბაირაღების გატაცება) და სხვა.

მხარის სპორტული განვითარებისთვის ერთგვარი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა 80–იან წლებში. კერძოდ ზუგდიდში, აშენდა ენგურის ქაღალდკომბინატის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი (დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, მოედნებით, სარეაბილიტაციო ბაზით), ხოლო ხობში – დიდი სპორტული კომპლექსი. იგი უნიკალური იყო საქართველოში თავისი 50–მეტრიანი საცურაო აუზით და ორიათასადგილიანი ტრიბუნით, მეორე აუზი სახტომი კოშკით და ორი საჭყუმპალაოთი, საცურაო კომპლექსთან მიშენებული ადმინისტრაციული შენობით,( სადაც მოთავსებული იყო ასადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტსმენთა დასასვენებელი კუთხეები) მის გვერდით განლაგებული ფეხბურთის სარბენ ბილიკიანი სტადიონით, ღია მოედნით.

ქვეყნის მასშტაბით გამოირჩეოდა ფოთში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შექმნილი საწყალოსნო–სათხილამურო ბაზა მალთაყვის ტყე–პარკში, რომელმაც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქალაქს გააჩნდა ასევე საიალქნო კლუბი ნავსადგურის აკვატორიაში. იქვე ფუნქციონირებდა 50–მეტრიანი საცურაო 300–ადგილიანი ტრიბუნით.

 

სასარგებლო წიაღისეული

სამეგრელოს ტერიტორია მდიდარია სხვადსხვა სახის წიაღისეულით. განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი პერსპექტიულობით იპყრობს მდინარეების ენგურის, ხობის და რიონის ხეობებს შორის მდებარე ვაკე–დაბლობზე განვითარებული ნავთობისა და გაზის შემცველი ქანების კომპლექსი, რომელიც სიღრმიდან ზედაპირისაკენ წარმოდგენილია:

ქვედა იურიული ასაკის, ორგანული ნაშთებით გამდიდრებული ქვიშიან–თიხიანი, ნაწილობრივ კარბონატული ქანებით.
ორგანული ნაშთებისა და ბითუმის შემცველი ზადაბიოსურ–ბათური ასაკის ქვიშიან–თიხიანი ქანებით, რომლებთანაც დაკავრიშირებულია აგრეთვე სულფატური და ქლორ–კალციუმიანი წყლები.
ცარცული ასაკის ნაპრალოვანი კირქვებით, რომლებშიც ძირითადად მიგრირებული ნავთობია მოსალოდნელი.ამ ქანებთან დაკავშირებულია აგრეთვე ქლორ–მაგნიუმიანი და ქლორ–კალციუმიანი თერმული წყლები (ნოქალაქევი, მენჯი, ცაიში)
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული მაღალტემპერატურული წყლები ძირითადად ქვედა ცარცულ კირქვებთან არის დაკავშირებული. სოფელ ოხურეისთან, ბურღილის პირთან წყლის ტემპერატურა თითქმის 100°–ია, ჭალადიდში – 95°, ცაიშში, ქვალონსა და ყულევში – 81°, 75° და 50° შესაბამისად.

სამეგრელოს ტერიტორიაზე დადგენილია მაგანა–ხორგა–ჭანისწყლის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქვანახშირისა და ფახულანის ლიგნიტისა და ქვანახშირიანი ფიქლების საბადოები, რომელთა სავარაუდი მარაგი 60–70 მლნ. ტონას შეადგენს.

საყურადღებოა სამეგრელოში გავრცელებული ტორფიანი ჭაობები(ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი და სხვა.)რომელბიც ტორფის დიდ მარაგს შეიცავენ,

სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული კარბონატული ქანების ზოგიერი ტიპი მოხერხებული უმეტეს შემთხვევაშია უცილებელია მასალაა მშენებლობისათვის. მათგან, პირველყოვლისა აღსანიშნავია კირქვა, რომლის საბადოები ცნობილია წალნეჯიხის (სქური), სენაკის (ნოქალაქევი) და ჩხოროწყუს (მუხურის) მუნიციპალიტეტებში.

სააგურე თიხის საბადოები გამოვლენილია აბაშის (ნაესაკავო) ზუგდიდის (ცაცხვი) და ხობის (ნოჯიხევი) მუნიციპალიტეტებში.

„ლუგელა“, სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს რაიონში, ხობის ხეობაში, სოფ. მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან.

„ლუგელა“ ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში „ლუგელას“ წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, აღნიშნული თვისებების გამო „ლუგელას“ მსოფლიო ბადალი არა ჰყავს.

 

გალერეა

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

მდინარე ჭანისწყალი

დადიანების მუზეუმი და ზუგდიდის საკათედრო ტაძარი

ღვთისმშობლის შობის ტაძარი ზუგდიდში

კვირაცხოვლობის ტაძარი (ზუგდიდი)

დადიანების მუზეუმი

სენაკი